რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში რეგულარული ფრენები დაიწყო

1-ელი მაისიდან რუსეთმა რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა დაიწყო მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან. მოსკოვი-სოხუმის პირველი რეისი ვნუკოვოს აეროპორტიდან ავიაკომპანია UVT aero-მ შეასრულა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით  Bombardier CRJ-200 თვითმრინავი, რომელიც 50 მგზავრს იტევს, კვირაში ერთხელ იფრენს. მოსკოვის დროით ფრენა 14:30 საათზე შესრულდება, სოხუმიდან ვნუკოვოს აეროპორტში კი თვითმფრინავი 23:00 საათზე დაეშვება.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, სოხუმში ავიარეისები შესრულდება ნიჟნი-ნოვგოროდიდან, უფიდან და შესაძლოა, ყაზანიდანაც.

სოხუმის აეროპორტი, რომელიც სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს, 1993 წლის შემდეგ დახურული იყო. მისი აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის 2023 წელს გაფორმდა. აეროპორტი 49 წლით რუსებს გადაეცათ.

სოხუმის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოდი აღარ აქვს.

„ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია. საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას და ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამას მხარს უჭერს ICAO-ც. ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ICAO-თან და ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს და ოკუპაციის კანონს, ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო ღიად დაგმობილი და ჩვენ ამ პოზიციას შევინარჩუნებთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილება ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებაზე.

„ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდი სოხუმის აეროპორტისთვის, არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მიმართული მორიგი ნაბიჯი.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.