რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთში Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის მუხლით წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, Telegram-ის ადმინისტრაცია არ შლის „არხებს, ჩატებსა და ბოტებს“, რომლებსაც აქტიურად იყენებენ „უკრაინული სპეცსამსახურები, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციები“.

გამოძიების მტკიცებით, მესენჯერი გამოიყენება დივერსიულ-ტერორისტული აქტების, მასობრივი მკვლელობებისა და კიბერთაღლითობის მომზადებისა და კოორდინაციისთვის.

დუროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მონაცემებით, 2022 წლიდან რუსეთში Telegram-ის გამოყენებით 153 000 დანაშაული დაფიქსირდა. გარდა ამისა, „როსკომნადზორმა“ Telegram-ის ადმინისტრაციას 150 000-ზე მეტი მოთხოვნა გაუგზავნა „უკანონო კონტენტის“ წაშლის თაობაზე, რაც, უწყების თქმით, იგნორირებულ იქნა. მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან კომპანია რუსეთში 100 მილიონ რუბლზე მეტით დაჯარიმდა.

თავად პაველ დუროვმა ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, ხელისუფლება ყოველდღიურად იგონებს ახალ მიზეზებს, რათა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების წვდომა პლატფორმაზე და დათრგუნოს სიტყვის თავისუფლება. 2025 წლის ზაფხულიდან რუსეთში Telegram-ის მუშაობა უკვე მნიშვნელოვნად არის შეზღუდული და მასზე წვდომა მხოლოდ VPN-ის საშუალებითაა შესაძლებელი.

„სამწუხარო სანახაობაა - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია“, - დაწერა დუროვმა თავის Telegram-არხზე.

პარალელურად, დუროვის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთშიც მიმდინარეობს, სადაც მას კონტენტის არასაკმარის მოდერაციასა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში ადანაშაულებენ. ფრანგი გამომძიებლების აზრით, ეს მას თანამონაწილედ ხდის ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ნარკოვაჭრობა და თაღლითობა.

დღეისათვის პაველ დუროვი დუბაიში ცხოვრობს. მისი ქონება 6.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Forbes-ის მიხედვით, რუსეთის 155 მილიარდერის რეიტინგში 30-ე ადგილი უკავია.

რუსი მილიარდერი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და შეხვდა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვახტანგ თურნავას, რომელმაც მას ქვეყნის IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საქართველოში სტუმრობიდან მალევე, დუროვმა საქართველო სოციალურ ქსელებში საჯაროდ შეაქო და დაწერა, რომ ის „მსხვილ ბიზნესჰაბად ყალიბდება“. თავის პირად Telegram-არხზე დუროვმა დაადასტურა, რომ გეგმავს საქართველოში კვლავ დაბრუნებას „ძალიან მალე“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.