9 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა რაკეტებისა და დრონების გამოყენებით. შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი - თითქმის 6000 - გათბობის გარეშე დარჩა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 242 დრონი და 36 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი - საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ იყო.
„8 იანვარს, 23:47 საათზე, მოწინააღმდეგემ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით ლვოვში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჰაერო სამიზნე ბალისტიკური ტრაექტორიის გასწვრივ საათში დაახლოებით 13 ათასი კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა“, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების დასავლეთ სარდლობამ.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ ლვოვზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ იარის საწვრთნელი პოლიგონიდან განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ორეშნიკის“ გამოყენება დაადასტურა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის მიერ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე „თავდასხმის“ საპასუხოდ, უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ „მასიური დარტყმა განახორციელეს ზუსტი იარაღით“, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემით.
„დარტყმის მიზნები მიღწეულია. სამიზნეები იყო ტერორისტული თავდასხმის დროს გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები, ასევე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. სამინისტრომ არ დააკონკრეტა „ორეშნიკის“ რაკეტის სამიზნე ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის და უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის გამართვას მოითხოვს. მისი თქმით, „ევროკავშირ-ნატოს საზღვართან ასეთი დარტყმა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებას“.
„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას.
აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას პუტინის რეზიდენციაზე ყალბი „თავდასხმით“, რაც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება“, - განაცხადა სიბიჰამ.
რუსეთის „ორეშნიკის“ სისტემით პირველი დარტყმა 2024 წლის ნოემბერში, უკრანის ქალაქ დნიპროს „იუჟმაშის“ ქარხანაზე განახორციელა.
„ორეშნიკი“ რუსეთის არსენალში ახალი იარაღია. რაკეტას შეუძლია განავითაროს დაახლოებით 12 300 კმ/სთ სიჩარე, მისი მოქმედების რადიუსი კი 5000 კმ-ია. „ორეშნიკის“ შეიარაღება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ქობინებით.
