რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი კვლავ საუბრობენ დასავლეთის მიერ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაზე. ამის შესახებ განცხადებები მათ დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე გააკეთეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
- 6 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
ნარიშკინი იმედოვნებს, რომ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის „მორიგი მცდელობა“ ჩავარდება.
„დღეს თბილისი ფერადი რევოლუციის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობის წინაშე დგას. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ჩავარდება ისევე, როგორც მანამდე ჩავარდა დასავლეთის თავხედური მცდელობები, შეერყია ბელარუსი და ყაზახეთი“, - აღნიშნა სერგეი ნარიშკინმა.
როგორც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც თავდაპირველად სიმპათიით იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ და „ევროინტეგრაციის დაპირებების სანაცვლოდ შეამცირა კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცესთან“, დროულად გააცნობიერა ამგვარი ორიენტაციის მავნებლობა.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და დადგა ქართული საზოგადოების ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებებისსადარაჯოზე, მაგრამ დასავლეთი ასე მარტივად არასოდეს უშვებს თავის მსხვერპლს“, - თქვა ნარიშკინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს, დაძაბულობის კერებს და უარს არ ამბობს სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებზე - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომებიდან დაწყებული პირდაპირ ფერადი რევოლუციების გაჩაღებით დამთავრებული, რის გაკეთებასაც ახლა საქართველოში ცდილობენ“.
დასავლეთის დაზვერვის სამსახურები საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა „ეფ ეს ბეს“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ფართოვდება დასავლური სადაზვერვო სამსახურების, დიპლომატიური უწყებების და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დივერსიული საქმიანობა. ამგვარად, სულ ახლახანს მათი შეთანხმებული ძალისხმევით ფაქტიურად იძულებით იქნა მიღწეული მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთისთვის ხელსაყრელი კენჭისყრის შედეგები და საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის განხორციელების მცდელობა იყო“, - აღნიშნა ბორტნიკოვმა.
რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის მიერ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობებზე დეზინფორმაციულ ნარატივს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც ავრცელებდა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა მის შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კენჭისყრა „ტოტალურადგაყალბდა“ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ერთი თვეა, ამ მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დარღვევით მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა და მისი უფლებამოსილება ცნო.