თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით დაკავებულთა პროცესები გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„არანაირი ხელოვნური გადაკეტვა იქ არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება. სიტყვა ხელოვნური არის უადგილო, ყველა, ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა სანაიამ სასამართლო პროცესზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი, საბა ხომერიკს 8-დღიანი, ლევან მარგიანსა და გიორგი ყასიაშვილს 6-დღიანი, ნინო სვანიძეს 5-დღიანი, ხოლო ლარა ნაჭყებიას - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
სამართალდამრღვევებად ცნეს გელა გამყრელიძე და თორნიკე თხილავაც. მოსამართლემ მათ მიმართ გაფრთხილება გამოიყენა.
ვახტანგ მაჭავარიანის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. მოსამართლემ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად დრო განუსაზღვრა და გაათავისუფლა.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი 24 ოქტომბრისთვის გადაიდო. დაკავებისას ის პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ დედის ორმოცი ჰქონდა და სთხოვდა, სასაფლაოზე წასვლის საშუალება მიეცათ.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს გამართული მორიგი აქციის შემდეგ 14 პირი დააკავა.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, კიდევ 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. „მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა“, - აღნიშნა დარახველიძემ.
17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, საპროტესტო აქციების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები. შედეგად, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
