„რუსთავი 2“ უარს ამბობს გახარიას პარტიის გაშუქებაზე, სანამ ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის

პროსამთავრობო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, ტელეკომპანია არ გააშუქებს ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აქტივობების მანამ, სანამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბაკურაძე ბუჩუკურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ საჯარო განცხადების გამო, სადაც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის „რეჟიმის მსახურად“ არის მოხსენიებული.

„ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.

სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან“, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.

ანა ბუჩუკურმა დღეს, 18 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნინო შუბლაძეს „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის“ დროს, მაშინდელი „პროპაგანდის მსახური“ უწოდა.

„დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა“, - დაწერა ბუჩუკრმა Facebook-ში.

ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხელმძღვანელობდა. 2014 წელს ის ტელეკომპანიის იმდროინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოადგილე იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.