რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე დღეს დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თვითმხილველების ცნობით, მაღალი სიჩქარით (დაახლოებით 200 კმ/სთ) მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ძლიერი დარტყმის შედეგად ავტომანქანა ორად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა.

კალინინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ნუშრავან მამედოვმა, გამოცემა „საქართველოს ამბებს“ დაუდასტურა, რომ დაღუპულთა უმეტესობა მეზობელი სოფლების მცხოვრებლები არიან: „ავტომობილში სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად სოფელ ბირლიკის მცხოვრებლები, ორი კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ იორმუღანლოდანაა. გარდაცვლილებს შორის ძმები არიან.“

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში გარდაბნის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კვლავ კრიტიკულ ნიშნულზეა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გზებზე სულ მცირე 2 684 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2025 წელს: დაფიქსირდა 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დაიღუპა 469 ადამიანი (მათ შორის 27 ბავშვი); დაშავდა 8 191 მოქალაქე.

ოფიციალური მონაცემებით, ავტოავარიების უდიდესი ნაწილი (6 633 შემთხვევა) მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მოხდა. 956 შემთხვევაში ფიგურირებდა მოტოციკლეტი, ხოლო 413 შემთხვევაში - სატვირთო ავტომობილი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზებია: სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, გასწრების წესების დარღვევა, მოხვევის მანევრი, დისტანციის დაუცველობა და ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.