შრომის ინსპექციის სამსახურმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია საკრებულოს აპარატის თანამშრომლების დისკრიმინაციის გამო დააჯარიმა. შეროზია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრია, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ის სწორედ ამას უკავშირებს შრომის ინსპექციის მიერ მისი დაჯარიმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საკრებულოს თავმჯდომარეს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი და აპარატის რამდენიმე თანამშრომელი ადანაშაულებენ. დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ძამაშვილმა თქვა, რომ ნოდარ შეროზია მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა. არჩილ ძამაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ძმაა.
„სამსახურში შრომის ინსპექცია რომ იყო შემოსული და როგორც ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, მეც მომიწია მასთან გასაუბრება, რატომღაც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ პოლიტიკურად ვაქტიურობდი და პირად საუბრებში ძალიან ბევრჯერ მითხრა, რომ დაანებე თავი პოლიტიკურ აქტივობებსო. ყოველივე აქედან გამომდინარე, საკრებულოში, აპარატის უფროსთან იყო ტელევიზია მოსული. საშვები ჩემს განყოფილებაშია, მომიწია ჟურნალისტის შემოყვანა საკრებულოს ფლიგელში. ამის გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ ჩემთან მიმართებაში დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც ჩანიშნულია ორშაბათს და ველოდები გადაწყვეტილებას. ორი მოწვევის საკრებულოსთან მიმუშავია და საყვედური კი არა, შენიშვნა არ მიმიღია, პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი ვიყავი. ეს ფაქტი ჩემთვის იყო ძალიან ამაღელვებელი, ძლიერი ემოციური ფონი იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგანაც დერეფანში იყო მუქარა და თითის ქნევა, რომ ჟურნალისტის შემოყვანასთან დაკავშირებით აუცილებლად ვაგებდი პასუხს.
ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ საღამოს თანამშრომლებს სასწრაფო დახმარების გამოძახებაც დასჭირდათ. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შიში მქონდა, რომ სამსახურიდან გამიშვებდნენ და ნერვიულობის ნიადგაზე, 3 კვირის ორსულობა შემიწყდა“, - აღნიშნავს გვანცა ბირთველიშვილი.
შრომის ინსპექციის სამსახური რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2022 წლის აგვისტოში, თანამშრომლების მოთხოვნით შევიდა. ინსპექციის დასკვნაში ნათქვამია, რომ „ფაქტები და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა მიმართ შევიწროებას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ნიშნით“.
ნოდარ შეროზიას განცხადებით, შრომის ინსპექციამ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. რუსთავის სკარებულოს თავმჯდომარე თანამშრომლების შევიწროებას უარყოფს და ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ზემოქმედების გაგრძელება და არჩილ ძამაშვილმა დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოში გადაწყვიტეს, რომ მისთვის გამოყოფილი ავტომობილითა და საწვავის ხარჯებით ესარგებლა საკრებულოს მთლიან აპარატს და არა ერთ პირს.
რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს დღეს სახელისუფლებო მედიის საშუალებით გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
„ის ქცევა, რაც „ნაცმოძრაობას“ და ყველას, ვინც მას მიეკედლება, გააჩნდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ტოტალური დევნა, რეპრესია, დაშინება ოპოზიციურ მდგომარეობაშიც კი, თუ სადმე ოდნავ მაინც მიეცათ გასაქანი, ანალოგიური მეთოდებით მოქმედებენ. ვფიქრობ, რომ არ აქვთ არც პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ თანამდებობაზე თვითმმართველობაში“, - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„12 თვის განმავლობაში 14-ჯერ პრემია გამოიწერა და ამასთან, ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ამხილა თანამშრომლების შევიწროებაში. მიზანმიმართულად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ საქმიანობაში ხელი შეუშალონ რუსთავის მერიას და პარალელურად თავის გემოზე მოირგონ კონკრეტული პოზიციები. ეს არის სწორედ ის ტანდემი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად შეკრეს“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.
რუსთავის საკრებულოს 35 წევრი ჰყავს. 17 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, 3 პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. „ქართულ ოცნება“ მხოლოდ 15 წევრით არის წარმოდგენილი.