რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრებს, გელა ხასაიასა და ბორის ჩელე ყურუას, ასევე, „ძლიერი საქართველოს“ წევრ ბექა ბერიძიშვილს აღსრულების ბიურომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ბორის ჩელე ყურუა, რომელიც კოალიციაში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელია, 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას გზის გადაკეტვას ედავებოდა. როგორც ყურუა ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რის გამოც დაკისრებული ჯარიმა ვერ გადაიხადა.
„თვეების წინ მე და რამდენიმე ათეული აქტივისტი დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ ქუჩა გადავკეტეთ. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, თუმცა მაინც მოხდა დაჯარიმება. ველოდებოდით გადაწყვეტილების ჩაბარებას, რომ ჯარიმა გადაგვეხადა და სახელმწიფოს წინაშე დავალიანება არ გვქონოდა. გადაწყვეტილება არ ჩაგვაბარეს. უცებ გავიგე, რომ ანგარიშები დამიყადაღეს და დამაკისრეს სახდელი იმის გამო, რომ ჯარიმა თავის დროზე არ გადავიხადე.
უამრავი აქტივისტი დგას იგივე პრობლემის წინაშე. „ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას იმ ადამიანებს, ვინც მათ არ ეთანხმება“, - განაცხადა ყურუამ.
სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთ წევრს, გელა ხასაიას აპრილის ბოლოს 2600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ასევე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით დააკავეს. დაკავების დროს ხასაიას კბილი ჩაუმტვრიეს.
„კანონის მიხედვით, უნდა მომსვლოდა ოქმი ანგარიშის ნომრებით, სადაც ჩავრიცხავდი თანხას და გადავიხდიდი ამ არასამართლიან ჯარიმას. თუმცა, გავიდა თვეები და არანაირი ოქმი არ მომსვლია.
რადგან ჩვენი პარტიის წევრის, ბორის ჩელე ყურუას ანგარიშებს დაადეს ყადაღა ისე, რომ არ გააფრთხილეს, ადვოკატის რჩევით დავრეკე ცხელ ხაზზე, რომ გამერკვია იგივე მდგომარეობაში ხომ არ ვიყავი. მივიღე პასუხად, რომ არა, უნდა დავლოდებოდი ოქმს, მას გამომიგზავნიდნენ და შემდეგ შევძლებდი ჯარიმის გადახდას. ეს მოხდა ზუსტად გუშინ [24 სექტემბერს] და დღეს დილით უკვე ყველა ანგარიში დაყადაღებული დამხვდა“, - თქვა გელა ხასაიამ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ბექა ბერიძიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ აპრილში, დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო, თბილისის მერიამ ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის დააჯარიმა. მისი განცხადებით, ჯარიმის შესახებ დღეს დილით, ანგარიშების დაყადაღების შემდეგ გაიგო.
„1000 ლარს 70 ლარი ჯარიმა დაამატეს გადაუხდელობის გამო და დამიყადაღეს ბანკის ყველა ანგარიში. დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრა არ ისჯება, ნებადართულია“, - დაწერა ბერიძიშვილმა.
აპრილ-ივნისში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ორასამდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდება 9 პირს წარუდგინა.