რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, რაზედაც პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, წარმოებაში მიიღებს თუ არა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელებს და შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 რუსული კანონის არაერთი მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ოთხი სარჩელია შესული. რუსული კანონი გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა; 122-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ; პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა; „საქართველოს ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).