„საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება, ძალადობის კვალი ან წარსულში არსებული შურისძიების მოტივი ვერ გამოვლინდა.

სამინისტრო განმარტავს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებულ გარემოებებსაც. 7 აგვისტოს გამოიკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი იმავე დღეს, დილის 04:00 საათზე გაუჩინარდა.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2014 წლის 10 ივნისს, სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. რთული რელიეფის გამო მათ ავტომობილი მლეთაში დატოვეს და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. სალოცავში მცირე ხნით გაჩერების შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, უკან ფეხით დაბრუნდნენ.

ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე ნათესავთან ერთად მოდიოდა. გზაზე იგი შესვენების მიზნით ქვაზე ჩამოჯდა, რასაც შეესწრო როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი (მამა-შვილი). შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი. შესვენებისას დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა. ვინაიდან იმ ადგილზე გზა უკვე რთული აღარ იყო, თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან და მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

მცირე მანძილის გავლის შემდეგ, როდესაც გურამ დადიანიძე არ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათით დაიწყო, თუმცა იგი იმ ადგილას აღარ დახვდა. მომხდარის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთო პოლიცია. დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი, რის გამოც მასთან დაკავშირება და მისი შემდგომი გადაადგილების დადგენა ვერ მოხერხდა.

მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია. იმ ადგილას, სადაც იგი ჩამოჯდა, ბევრი მომლოცველი მოძრაობდა.

შსს აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. უწყების ცნობით, 2014 წელს დუშეთის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.