საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აკრედიტებული საელჩოები დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავს ეხმაურებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
„დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.
6 აგვისტოს 24 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი „არაპროპორციული და პოლიტიზირებული განაჩენი“ დაგმო. მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებლმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ვკითხულობთ 6 აგვისტოს განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
მზია ამაღლობელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. ის 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააკავეს სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა. ამ „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა. მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი საჩივარია შესული.
პატიმრობაში ყოფნის დროს, მზია ამაღლობელს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა, მათ შორის, გახდა ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის ლაურეატი.
