არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ორგანიზაცია, მისი 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას მოკლებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ამის მთავარი მიზეზი, ორგანიზაციის განცხადებით, ის რეპრესიული გარემოა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა.
„დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არის ივანიშვილის ანტიკორუფცოული ბიუროს ორი მონიტორინგის ქვეშ, ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ე.წ. პირბადეების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე და მაღალი თამამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობექტები არიან“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა მათი პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც - „ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან“.
ორგანიზაციის შეფასებით, იმ გარემოში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება გამორიცხულია:
„იმისთვის, რომ არჩევნები შეფასდეს როგორც სამართლიანი და თავისუფალი, მნიშვნელოვანია ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული ცხრა პრინციპის დაცვა, რომელიც გულისხმობს პერიოდულად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ეფუძნება საყოველთაო და თანასწორ ხმის უფლებას, ფარულ კენჭისყრასა და შედეგების სამართლიან, საჯარო დათვლას; მოქალაქეთა უფლებას, დაიკავონ თანამდებობა და კანონის წინაშე თანასწორად შექმნან პარტიები თუ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა; თავისუფალ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც დაცული იქნება ადმინისტრაციული ჩარევის, დაშინებისა და დისკრიმინაციული მედიაგარემოსგან, რის შემდეგაც არჩეული კანდიდატები შეუფერხებლად შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას.
ზემოაღნიშნული პრინციპების დასაცავად კი დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვან როლს.
საქართველოში არსებულ კონტექსტში, ჩამოთვლილი პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს.
შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა. სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.
არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას. აქედან გამომდინარე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ჩვენს ორგანიზაციას შეუძლებლად მიაჩნია“.
არჩევნებს არ დააკვირდებიან ისეთი გამოცდილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
