საგარეო უწყებიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გაათავისუფლეს

ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა. როგორც დიპლომატი ამბობს, გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიღო მისმა მეუღლემ, მედია ჭელიძემაც, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ წერს. მისი თქმით, დიპლომატიურ სამსახურში გატარებული 24 წლის თავზე, პირველ ივლისს, ისე გაათავისუფლეს, რომ  განმარტება არავისგან მიუღია:

„საქმის გადაბარების არავითარი პროცესი არავის არ წამოუწყია, დეპარტამენტი სრული შემადგენლობით ისე გამოგვიშვეს, რომ არავის უკითხავს – რამე გასაკეთებელი ხომ არ რჩებაო?“.

დიპლომატი თქმით, სამინისტროში გაუქმებისა და შემცირების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციაზე მომუშავე ქვედანაყოფები.

„ანუ, გაუქმდა ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ უწყებათაშორისი და სექტორული რეფორმების პროცესის კოორდინაციას და ამ პროცესების ბრიუსელისთვის წარდგენას, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი არავინ ამ პროცესების გაგრძელებას არ აპირებს. შესაბამისად, მისტიკური 2028 წელი როცა დადგება, ჩვენ უფრო უკან ვიქნებით, ვიდრე „გუშინ“ ვიყავით.

[...] ყველაზე ნეგატიური პროცესიც კი შეიძლება ისე იმართოს, რომ ადამიანებისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. სწორედ საპირისპიროდ წარიმართა ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროში.„რეორგანიზაციის“ კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი იყო თანამშრომლების მაქსიმალური დამცირება. ბევრისთვის ეს გამოიხატა თანამდებობრივად დაქვეითებაში, ხოლო კიდევ უფრო ბევრისთვის ეს გამოიხატა სრულიად უღირს დამოკიდებულებაში. მთელი თვის განმავლობაში, „რეორგანიზაციის“ დაწყებიდან, არ მომხდარა არც ერთი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. არავითარი ახსნა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ან ვის რა ბედი ელის. კულმინაცია კი იყო კვირის ბოლოს, შაბათ ღამით და კვირას, განთავისუფლების ბრძანებების კონვეიერული წესით გამოცემა. არაადამიანური – არის ალბათ ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ყველაფერს“, - წერს თორნიკე ფარულავა.

დიპლომატის შეფასებით, ამ პროცესის მიზანი  წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ინსტიტუციური მეხსიერების განგრძობადობის პრინციპის მოშლა იყო“.

„სამინისტროში სამუშაოდ დარჩენილი დიპლომატების სრული უმრავლესობა ისეთ პოზიციებზე გადაინიშნა, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციური მეხსიერება ყველა დონეზე წაშლილია, სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ პირველი ივლისიდან“, - აღნიშნავს ფარულავა.

რამდენიმე თვეა სხვადასხვა საჯარო უწყებიდან ათავისუფლებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩრების შესახებ „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

29 ნოემბერს თორნიკე ფარულავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით სხვა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი აცხადებდნენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.