საია: მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობა არ უტარდება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ მხედველობა საგანგაშო ნიშნულამდე დაუქვეითდა, მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები არ უტარდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია).

სიას განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წელს მარცხენა თვალზე მზია ამაღლობელს ექიმებმა დაუსვეს კერატოკონუსის დიაგნოზი და დაავადების პროგრესირების დასარეგულირებლად, იმავე წელს თურქეთში ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად მისი მხედველობა მარცხენა თვალზე შენარჩუნდა მხოლოდ 2%-მდე, თუმცა, მისი მხედველობა სტაბილური იყო ძირითადად მარჯვენა თვალის ხარჯზე.

„არსებული დიაგნოზისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციით ყოველ 3-6 თვეში იტარებდა გამოკვლევებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში მზია ამაღლობელის მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0.3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა, გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 4 თებერვალს ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მარჯვენა თვალში მხედველობა 0.1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) დავარდა და სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე“, – აცხადებს საია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 1-ელ ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა მაღალტექნოლოგიური თვალის კვლევები სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“. თავად მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება. საიას თანახმად, ადვოკატის წერილში ხაზგასმული იყო, რომ ამ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა.

„ამ დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოფოგრაგიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება. კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება, მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას, შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს. მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა

ნაცვლად აღნიშნული კლინიკებისა, მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა „მზერაში“ და გამოკვლევის შედეგად, ამაღლობელს დაესვა მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი.

გამოკვლევების პერიოდში, მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში იყო 0.01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში – 0.1-0.2. მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროს-ლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა ამავე დასკვნით არის მხოლოდ 1%.

აღსანიშნავია, რომ თავად მზიას განმარტებით, მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის – „კროს-ლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საია მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს მხედველობის დაქვეითების მიზეზი და დროულად მოხდეს საჭირო მკურნალობის დაგეგმვა, რადგან დაავადების პროგრესირების შემდეგ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

„დროული შემოწმება და მკურნალობის დაგეგმვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის სასჯელაღსრულების სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე 2025 წლის 13 აგვისტოს, 8 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 13 ნოემბრის განცხადებები მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე უცნობია, ბოლო გამოკვლევებიდან დღემდე, კიდევ გაუარესდა თუ არა მზია ამაღლობელის მხედველობა, რომელიც ბოლო კვლევებისას უკვე კრიტიკულ ნიშნულზე იყო“, – აცხადებს საია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ა.შ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში („ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“) მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

ამასთან, საია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანისგან ითხოვს, დაუყოვნევლივ შეაფასოს, სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.