საიამ სამოქალაქო აქტივისტის უკანონო დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პოლიციამ ციალა ქათამიძე 2025 წლის იანვარში, ბათუმში, ადმინისტრაციული წესით დააკავა და მის მიმართ ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ ციალა სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით 2000 ლარის, ხოლო სტიკერის ქვაფენილზე დაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით - 1000 ლარის ოდენობით.

საია-ს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაირღვა.

კერძოდ, საია დავობს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი) დარღვევაზე.

„2025 წლის 11 იანვარს, ციალა ქათამიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერის „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო, დააკავეს. იმ მომენტში, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ციალა ქათამიძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის. უკანონო დაკავების გასამართლებლად, ციალა ქათამიძის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე გაყალბებული ოქმი შეადგინა, რომელიც, მომჩივნის მტკიცებით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის შესახებ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ ციალა ქათამიძის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ შეფასებულა საქმის ინდივიდუალური გარემოებები“, - აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივარში დავობს, რომ რეალურად ციალა ქათამიძის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც აქტივისტის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა.

„ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

საია საჩივარში ასევე დავობს, რომ ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო და შესაბამისად, არ არსებობდა გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.