საიამ სტრასბურგის სასამართლოში ამაღლობელის საქმეზე მეოთხე საჩივარი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში საიასთან ერთად, ცნობილი ბრიტანელი ადვოკატი, ედვარდ ფიცჯერალდი დაიცავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ეს არის რიგით მე-4 საჩივარი, რომელიც საიამ ამაღლობელის უფლებების დასაცავად შეიტანა. ამ საჩივრით საია ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე დავობს (პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება) მე-6 მუხლთან ერთობლიობაში:

საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ.

საჩივრის თანახმად, საქმის განმხილველმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა.

ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მასალები. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი.

სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდება სხდომის დასკვნით ეტაპზე ისე გადააკვალიფიცირა, რომ მხარეებს ამის შესახებ წინასწარ არ ჰქონიათ ინფორმაცია, რითაც დაცვამ ეფექტიანი რეაგირება ვერ შეძლო.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მინის გალიაში (ე.წ. „აკვარიუმში“) მოთავსება, შეიარაღებული დაცვის თანხლებით, უსაფრთხოების ზომა კი არა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის იარაღი იყო.

საიას განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმე ნათელი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. საჩივარი, ასევე, აღწერს საქართველოში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის მზარდ მაჩვენებელს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციის მაშინდელ უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის მუხლით წაუყენა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელმა ამხილა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომ მას შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მასზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. არასათანადო მოპყრობა შენობაშიც გაგრძელდა, როცა მზია ამაღლობელი უკვე დაკავებული უყო. დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, მისივე ბრძანებით დაკავებულს არ აწვდიდნენ წყალს და უკრძალავდნენ საპირფარეშოთი სარგებლობას. გარდა ამისა, ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება, ადვოკატების გარეშე გაჩხრიკეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს.

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ მიანიჭა დაზარალებული სტატუსი და არ გამოიძია ძალადობის, პოლიციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ფაქტები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.