საქართველო ამერიკისთვის შეიძლება იყოს დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა კავკასიაში - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სალომე ზურაბიშვილი მარკო რუბიოსთან ერთად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ, შეხვედრებს მართავს. როგორც მან განაცხადა, არაფორმალური შეხვედრის დროს მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უთხრა, რომ იმედი აქვს, საქართველო შეერთებული შტატებისთვის იქნება „არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ ერთ-ერთი გადაწყვეტა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბიშვილის განცხადებით, მისი შეხვედრები საქართველოს საკითხისთვის ყურადღების მიპყრობას და ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტების დამყარებას ემსახურება.

„...რადგან ხვალ საქართველო ამერიკისთვის შეიძლება იყოს დიდი წარმატება, ან შეიძლება იყოს დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ყოველთვის სურდა დომინირება. ეს იყო რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და დღევანდელი რუსეთის მუდმივი სურვილი.

რუსეთი ახალი სტრატეგიას ცდის საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებში, რაც არის ამ ქვეყნებში გაყალბებული არჩევნების გზით და საკუთარი მარიონეტული რეჟიმების დასმით გამარჯვება, დემოკრატიის, კონსტიტუციის უგულებელყოფა და მხოლოდ ერთგული რეჟიმის ყოლა. ეს მომავალი ადმინისტრაციის წინაშე მდგარი საკითხი იქნება.

და რა თქმა უნდა, ამერიკა უკვე 30 წელია საქართველოს გვერდით დგას. საქართველო იყო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები, რადგან ის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს, ენერგეტიკულ მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალური აზიისკენ მიმავალ გზას და ქვეყანას, რომელიც ძირითადად იყო დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების დასაყრდენი. საქართველო სომხეთთან ერთად ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა მსოფლიოში და ეს არის ის, რაც ძალიან მჭიდროდ გვაკავშირებს. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის დასაყრდენი ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Fox News-თან ინტერვიუში.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე კვირის წინ, როცა დონალდ ტრამპს პარიზში შევდა, უთხრა, რომ „საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება დღეს, სანამ ვითარება ღია კრიზისში გადაიზრდება“.

„53 დღეა ხალხი ქუჩაში აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ეს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მანდატი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ცდილობს საქართველოს მის ევროატლანტიკურ გზას ჩამოაშოროს. სწორედ აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა.

ტრამპმა, რომელიც ხვალ პრეზიდენტი იქნება, მითხრა, რომ ნამყოფია საქართველოში, რომ აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება საქართველოსთვის იმ დროს, როცა საქართველოს ეს დასჭირდება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რას ურჩევდა დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უთხრას, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ხელები შორს საქართველოსგან! ხელები შორს კავკასიისგან! იმიტომ, რომ ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესია და რუსეთი აქ ისევ და ისევ ვერ იქნება დომინანტის როლში. ეს არის რეგიონი, რომელიც არსებობს თავისთავად, რომელიც აქ იყო საუკუნეების განმავლობაში, არის ცივილიზაცია, ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებებია გაზიარებული, საზოგადოება არის სიცოცხლით სავსე და სურს, იყოს ევროპისა და აშშ-ს მიერ გაზიარებული ღირებულებების საზოგადოების ნაწილი“.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, გაეროში აშშ-ის მომავალ ელჩს, ელის სტეფანიკსა და არჩეული პრეზიდენტის ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილის წერს, ის შეხვედრაზე დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.