საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის გარდაცვალების შესახებ მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დაადასტურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს.

ძნელია მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს. ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ ყველას“,- განაცხადა მეუფე შიომ.

ილია II „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტს, ღამით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭიდან დაწყებული მასიური სისხლდენა გახდა, რამაც, ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციონირების მწვავე უკმარისობა გამოიწვია. მიუხედავად ექიმების მრავალსაათიანი მცდელობისა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, მისი მდგომარეობა საღამოს კრიტიკულად დამძიმდა და გარდაიცვალა.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დასრულების შემდეგ, 1957 წელს იგი ბერად აღიკვეცა. მისი სასულიერო მოღვაწეობა იერარქიულ საფეხურებზე სწრაფი დაწინაურებით გამოირჩეოდა: 1963 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს, ხოლო 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 1977 წლის 25 დეკემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

მისი 48-წლიანი მოღვაწეობა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. აღსაყდრების პერიოდი დაემთხვა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის დასასრულს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და ეკლესიის ინსტიტუციურ გაძლიერებას. მისი პატრიარქობის დროს ქვეყანაში ასეულობით ტაძარი და მონასტერი აშენდა, მათ შორის თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

საქართველოს ეკლესიის მართვის მოქმედი დებულების თანახმად, პატრიარქის გარდაცვალების მომენტიდან მართვის დროებითი სადავეები მოსაყდრის ხელში გადადის. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც ილია II-მ მოსაყდრედ 2017 წელს დანიშნა, ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე უხელმძღვანელებს. დადგენილი პროცედურის მიხედვით, წმინდა სინოდმა უახლოეს პერიოდში უნდა დანიშნოს გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელიც ფარული კენჭისყრით გამოავლენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალ საჭეთმპყრობელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.