„საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს“, - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან 13 დეკემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
მაკრონის თქმით, საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ.
„მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან.ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას“, - ამბობს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული გზის არჩევანი ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ეს არჩევანი დღეს მშვიდობიანად არის გამოხატული თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ შარშან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას.
„ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში.
გზა დასახულია. საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?
ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას.
ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში.
ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი და ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა.
„ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ. ... ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - ამბობს მაკრონი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია და ხალხს არ მიუცია მანდატი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამ გზიდან გადაუხვიოს.
28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ორ კვირაზე მეტია, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართება.