2.5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, გამოძიება გაგრძელდება ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში თუ საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
მაღრაძის თქმით, უკრაინის მოქალაქეების დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
„მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
„საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას. გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად – მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ.
18 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის „აღკვეთის“ შესახებ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ აფეთქების მოწყობას უკრაინის სპეცსამსახურები გეგმავდნენ, ხოლო ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი რუსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთით შევიდა. „ეფესბე“ აცხადებდა, რომ ავტომობილმა Chevrolet Volt-მა, რომელშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ გაიარა.
„შეიძლება მართლაც რაღაც გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა“, – ასე გამოეხმაურა მაშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რამდენიმე დღეში სუს-ის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილი გათავისუფლდა და მის ნაცვლად ეს პოსტი მდინარაძემ დაიკავა.
