საქართველოში აშშ-ის საელჩომ ნატოსთან შეთანხმებაზე დონალდ ტრამპის განცხადება გამოაქვეყნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოაქვეყნა ვიდეო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 14 ივლისის შეხვედრიდან, სადაც მათ ნატოსთან შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება დადეს“, შეერთებული შტატებისგან მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობა იქნება შეძენილი, გაიგზავნება ნატოში და „ის სწრაფად გადანაწილდება ბრძოლის ველზე“. თეთრ სახლში შეხვედრას წინ უსწრებდა ნატოს სამიტი ჰააგაში, სადაც მოკავშირეები შეთანხმდნენ, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, ყოველწლიურად მშპ-ის 5% დახარჯონ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო აღჭურვილობას, საუკეთესო რაკეტებს, ყველაფრის საუკეთესოს. ევროპულმა ქვეყნებმა ეს იციან. დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გავუგზავნით მათ იარაღს და ისინი გადაიხდიან მის საფასურს. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, არანაირ გადახდას არ გავაკეთებთ. ჩვენი ბოლო შეხვედრა ერთი თვის წინ ძალიან წარმატებული იყო, რადგან ისინი შეთანხმდნენ 5%-ზე, რაც წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტია. ასე რომ, მათ ბევრი ფული აქვთ და ეს მდიდარი ერები არიან. მათ სურთ ამის გაკეთება. ისინი ძალიან მტკიცედ არიან განწყობილნი ამის მიმართ“, - განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადების ამსახველი ვიდეო დღეს, 21 ივლისს გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.

მანამდე, 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება მშპ-ის 5% დახარჯონ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ არის „ნაკარნახევი“. კობახიძის განცხადებით, „გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც“.

„უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის - ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე, ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.