საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა 510%-ით გაიზარდა

2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2025-2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს სტატისტიკის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა.

2024 წელს ირანიდან წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უარყოფითი იყო (-0.65 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 0.4 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ოფიციალური სტატისტიკით უმნიშვნელო რჩება.

რეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებელ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ირანული კომპანიების ოფიციალური პროფილია: მცირე ვაჭრობა, უძრავი ქონება, მომსახურების სექტორი, სამშენებლო საქმიანობა, ლოგისტიკასა და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები.

აქტივობის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის და ნაკლებად უკავშირდება მსხვილ საწარმოო, სამრეწველო ან ტექნოლოგიურ პროექტებს. თუმცა, მნიშვნელოვანი ფინანსური, გამჭვირვალე ნაკადები არ ჩანს FDI-ში და არც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა ამ კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ ათობით კომპანია ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული.

ერთადერთი გამჭვირვალე ფინანსური ზრდა ტურისტული დანახარჯების მიმართულებით ფიქსირდება - 2022-2024 წლებში ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი გაიზარდა 91.1 მლნ დოლარიდან 151.1 მლნ დოლარამდე (65%), ხოლო 2025 წელს შემცირდა 17,8%-ით.

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა? ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის განცხადების თანახმად, ირანის ფინანსური სექტორის ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ალტერნატიული, არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით ხორციელდებოდეს, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში. საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი მოდელი ხშირად ასოცირდება ნომინალურ („ქაღალდზე არსებულ“) კომპანიებთან, რომლებსაც იყენებენ რეექსპორტისთვის, შუამავლური ფინანსური ოპერაციებისთვის ან სანქციების გვერდის ასავლელად.

2026 წლის 8 აგვისტოს ამერიკულმა სანქციამ საქართველოში 2025 წელს დაფუძნებული კრიპტოკომპანიის „შელბითის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქე სავაშ კაივანპურია (ალტერნატიული მოქალაქეობით - დომენიკა, ავღანეთი), დაადასტურა, რომ სანქციების თავიდან არიდების მცდელობების მრავალფეროვან სქემებთან გვაქვს საქმე. სანქციის საფუძველი „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირი და არალეგალური ფინანსური აქტივობებია.

ირანული ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი აღარ არის - იგი უკავშირდება ფინანსური სისტემის სანდოობას, საერთაშორისო საბანკო ურთიერთობებს, დასავლურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ, და არა მხოლოდ, რეპუტაციას და ადგილს მსოფლიო რუკაზე“, - აღნიშნულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.