საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, პროპაგანდისტული „როსსია 24“-ის გადამღები ჯგუფი იმყოფება. ისინი თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებენ, რომელშიც სამხედრო წოდების მქონე რუსი სპორტმენებიც მონაწილეობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„როსსია 24“-ის სამაუწყებლო საქმიანობა აკრძალულია ევროკავშირში. 2022 წელს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიიღების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, ეს ტელეკომპანია პრო-კრემლური დეზინფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლიც ავრცელებს პროპაგანდას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მხარდასაჭერად. „როსსია 24“-ს ეკრძალება ევროკავშირის მასშტაბით კონტენტის გავრცელება, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს საკაბელო ტელევიზიით, თანამგზავრით, ინტერნეტით თუ სმარტფონის აპლიკაციებით. ტელეკომპანია აკრძალულია უკრაინაში, მოლდოვასა და გაერთიანებულ სამეფოშიც.
კრემლის პროპაგანდისტული ტელეარხის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან იმ ფონზე, როდესაც ბოლო თვეების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა ფრანგ ფოტოჟურნალისტს, ჟერომ შობოს და ჩეხ ჟურნალისტს, რეი ბეისლის. ორივე მათგანი თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს აშუქებდა. საქართველოში არც ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი შემოუშვეს.
საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. თბილისში ჩამოსულ სპორტსმენებს შორის არიან რუსებიც, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობენ. რუსეთის დელეგაციის 24 წევრიდან ნაწილი „არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს“ წარმოადგენს და სამხედრო წოდებები გააჩნია.
მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები სოფია ველიკაია - რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი და იანა ეგორიანი - რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი. 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორივე ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში ომს.
გუშინ, 27 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქტივისტები ახალ სპორტის სასახლესთან მივიდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“, „ფარიკაობენ თბილისში და ხოცავენ უკრაინაში“, „მასობრივი საფლავებისთვის მედლები არ გაიცემა“, „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ და ა.შ. აქტივისტების ნაწილმა დარბაზში შესვლაც მოახერხა და გიორგი ანწუხელიძის პლაკატი გაშალა. საპროტესტო აქცია გაიმართა იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსეთის დელეგაციის წევრები იმყოფებიან.
რუსეთის დუმაში ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი სვიშჩევმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციებს „მორიგი რუსოფობიური გამოხტომა“ უწოდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების განყოფილებამ.
