დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შექმნას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს
ამის შესახებ განცხადება 29 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ეუთოში ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ირლანდიის, ისლანდიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ნორვეგიის, სლოვენიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და შვედეთის დელეგაციების მიმართვაში, რომლის ადრესატი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი მარია ტელალიანია, ნათქვამია, რომ მისიამ უნდა წარმოადგინოს ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში, რომელიც დაადგენს ფაქტებს და მოიცავს რჩევებსა და რეკომენდაციებს. მისიის მოვალეობები, სხვა საკითხებთან ერთად, იქნება:
- საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება;
- ამ მოვლენების გავლენის შეფასება, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას ეფუძნება.
- პრობლემური საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების წარმოდგენა.
„როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის აუცილებელი ფაქტორია, რაც აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ მიმართვაში.
ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში „ვენის მექანიზმი“ გამოიყენა, რათა გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოეთხოვათ დამატებითი ინფორმაცია.
„თუმცა, საქართველოს პასუხმა უპასუხოდ დატოვა კითხვები 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ განხორციელებული სისასტიკისთვის პასუხისმგებლობის შესახებ. მართლაც, ეს ქმედებები იმ დროს შეფასდა, როგორც „მოქალაქეთა წინააღმდეგ უკანონო ძალადობა... რაც შეიძლება წამებას უტოლდებოდეს“. დღემდე, არც ერთი თანამდებობის პირი არ არის პასუხისმგებლობაში მიცემული ასეთი ძალადობის გამო.
გარდა ამისა, შეშფოთება კვლავ რჩება მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებთან დაკავშირებით. ვენის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ათობით ქართველი, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციის ლიდერები, პოლიტიზებული ბრალდებებით დააკავეს“, - წერია მიმართვაში.
24 სახელმწიფოს დელეგაცია აცხადებს, რომ მათი შეშფოთება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გაიზარდა. ისინი აღნიშნავენ, რომ 2025 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, ოპოზიციის 9 ლიდერს ბრალი წაუყენეს და ზოგიერთ მათგანს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ასეთი ნაბიჯი წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული ნორმების ეროზიის სერიოზულ ესკალაციას და შეუთავსებელია ეუთოს პრინციპებთან და ვალდებულებებთან“, - ნათქვამია ეუთოს წევრი 24 ქვეყნის მიმართვაში.
მათი შეშფოთება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ საკითხების:
- საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის სივრცის შეზღუდვას;
- სამართლებრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას;
- არჩევნების მთლიანობა, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების ფონზე;
- დეზინფორმაციის აქტიურად გავრცელება მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ;
- დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ კამპანიები;
- გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები;
- პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა;
- სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიების სისტემის აღსასრულებლად;
- თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები;
- გადაჭარბებული ძალადობა და თვითნებური დაკავებები;
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება.
„ჩვენ ვიყენებთ იმდროინდელი ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრის 1991 წლის დოკუმენტის მე-12 პუნქტს ფაქტების დამდგენი მისიის შესაქმნელად, რათა შევაფასოთ საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე“, - ნათქვამია მიმართვაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას, „მოსკოვის დოკუმენტის“ შესაბამისად.
