სახელმწიფო დეპარტამენტი: ტურისტულ ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, მათზე პაუზა არ გავრცელდება

სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ“. 75 ქვეყანას შორის საქართველოცაა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საიმიგრაციო ვიზების გაცემა 21 იანვრიდან შეჩერდება. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ტურისტულ ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია და მათზე ეს პაუზა არ გავრცელდება.

საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში საქართველოს და სხვა 74 ქვეყნის მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

გამონაკლისი არსებობს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე. თუ ისინი განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც 75 ქვეყანას შორის არ არის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ვიზების გაცემის შეჩერებას გავლენა არ ექნება ამჟამად მოქმედ ვიზაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. დაინტერესებულმა პირებმა შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) უნდა მიმართონ.

დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.