სახელმწიფო უნივერსიტეტებს მისაღებ სტუდენტთა კვოტას ყოველწლიურად მთავრობა განუსაზღვრავს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე

სახელმწიფო უნივერსიტეტებს ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ. „ქართული ოცნების“ პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შედეგად, პრაქტიკაში შეინიშნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული კადრების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის“.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა კი - არანაკლებ 60 კრედიტს.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს.

დღეს მოქმედი სისტემით სტუდენტზე სასწავლო გრანტი გაიცემა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. კანონპროექტის მიღების შემდეგ, სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო დაფინანსებით.

ცვლილებების ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაფინანსება, რომელიც მოიპოვეს 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

დაგეგმილი ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად „ძალიან აქტიურად“ მუშაობენ, რათა დაადგინონ „4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები“.

„ამით დადგინდება მთავრობის მიერ კვოტირების საკითხი, იმ რაოდენობების საკითხი, რომელიც პროგრამებში უნდა იყოს. [...] საქართველოს მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას, გაბისონიამ განმარტა, რომ წლევანდელი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები „ჩვეულებრივ მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას“. ეს ეხებათ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.