სასამართლომ სადახლოს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე დაკავებულ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვს და მის ბიძაშვილს, ეტიბარ ისკანდაროვს, აღკვეთის ღონისძების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 50-50 ათასი ლარის ოდენობით მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ისკანდაროვები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლო პროცესზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კვლავ ოპოზიციის პროვოკაციაზე ისაუბრა.
„რომ ამბობენ გაყალბებაო, მე არ მჭირდება გაყალბება. ყველამ იცის, რომ სადახლოელები, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვინც ცხოვრობს, 100%-ით ჩემ გვერდში არიან. „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლები დილიდან უშლიდნენ ხელს, მოხუცებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ. ამის გამო მოხდა ყველაფერი. დაგეგმილი იყო ყველაფერი. ამაში დარწმუნებული ვარ ღმერთის წინაშე და თქვენ წინაშე. მე იმედი მაქვს, ეს „ნაცმოძრაობის“ სასამართლო არაა, სამართლიანი სასამართლოა. მაღლა ღმერთს და დაბლა თქვენ გენდობით“, - განაცხადა როვშან ისკანდაროვმა.
ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი ისკანდაროვების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს. მისი თქმით, „შესაძლოა არსებობდა გარკვეული პროცედურული გადაცდომა“.
„ყალბი ბიულეტენი ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენ დასკვნები გამოვიტანეთ გავრცელებული კადრებიდან, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა სიტუაცია იყო იმ წუთას საარჩევნო უბანზე. მტკიცებულებები არც დღეს არსებობს და არც სამომავლოდ იარსებებს. რა მოხდა რეალურად, ამას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა“, - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი ვიდეო გამყარებულია გამოკითხვის ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.
როვშან ისკანდაროვი „ქართული ოცნების“ წევრი და საკრებულოში სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატია.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მარნეულის 69-ე უბანზე დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ როვშან ისკანდაროვი ყუთში ბიულეტენებს ყრის. ვიდეოში ჩანს სხვა მამაკაციც, რომელიც მას უკანონო ქმედებაში ეხმარება.
როვშან ისკანდაროვი და მისი ბიძაშვილი პოლიციამ 31 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კენჭისყრის დღეს, ბრალდებულებმა, არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.