პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე არაპოლიტიკოსებისგან შემდგარ ტექნიკურ მთავრობას წარადგენს, რომელიც „ქართული ქარტიის“ შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დროა, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის ერთგულნი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„არჩევნებამდე 14 დღე რჩება და ყველაფერი ძალიან კარგად არის, რადგან საზოგადოების წინაშე რა პირობაც დავდე - შევასრულე. „ქართული ქარტია“ შედგა! ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გადავურჩეთ რუსულ წარსულს, თუ მომავალს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.
მინდოდა შეხვედრები. მე კონსულტაციები არ ჩავატარე, ეს არ იყო არც კონსულტაციები, არც მოლაპარაკებები. მინდოდა, იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც დღეს პროევროპულ პლატფორმას შეადგენენ, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მათგან კიდევ ერთხელ მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია სრულიად იქნება შესრულებული, და რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მივიღე პირობა, რომ თუ ეს ქარტია რაღაც დონეზე შესრულდება, (ცხადია, მერე არავინ დამიწყებს, ეს ერთი პუნქტი, თუ მეორე პუნქტი..) თუ იქნება მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ მოლაპარაკებების გახსნის კართან. მე მივიღე ეს პირობა და ავიღე ეს ჩემს პასუხისმგებლობად. ამ მხრივ, საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ვარ ჩემი სიტყვის სრულიად ერთგული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი ყველა პარტიასთან გაირა და ყველასგან მიიღო დასტური, რომ ისინი „არიან ამ ქარტიის ერთგულნი და მზად არიან ბოლომდე მიიყვანონ ეს პროცესი“.
„ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა, რჩება სხვადასხვა ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე... ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას: „ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.“ მე ვაპირებ, წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოებას 26 მაისს განვუცხადე, რომ რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის პოლიტიკოსების მიერ მანდატების გადანაწილება და ამ გარდამავალ ეტაპზე მთავრობის შექმნა, მე შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და მომდევნო თვეებში მიგვიყვანოს ევროპის კართან. მე უნდა წარვადგინო ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა.
და რადგანაც ჩემი წარსადგენია, მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე უნდა წარვადგინო, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში, ცხადია, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე.
დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და დროა, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება - რამდენად არიან ქარტიის, არამხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის ერთგულნი, რადგან ეს ისეთი დოკუმენტია, რომელშიც არ შეიძლება შემდეგ რაღაც გაუგებრობა იყოს.
ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია ამაზე, კარგად ვიცოდეთ, რომ იმ დროს, როცა ამ 4 პარტიას შორის არის წარსული და ჯერ არ არის შექმნილი მომავალი, (დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში მათი ურთიერთნდობა შედგება) საჭიროა, გაირკვეს ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან.
ამიტომ ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან და ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა. საჭიროა, რომ როცა ხმას მისცემს საზოგადოებამ იცოდეს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტიაა სრულიად, ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან.
დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მომავალ წელს, ივნისში საქართველოს ევროკავშირის იმ მოლაპარაკებების გახსნამდე მიიყვანს, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობაა და რის შემდეგაც, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ინიციატივას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მათ ხელმოწერით დაადასტურეს თავიანთი ერთგულება, სრულად შეასრულონ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.