არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც სტიპენდიატი, ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის ფართო დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკურ გამოცდილებას, რათა საქართველო ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზისკენ წაიყვანოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და სახელმწიფო მართვის იდეალებს, რომელიც კისინჯერის სტიპენდიას აქვს. მან აჩვენა დემოკრატიული ძალა და ევროპაში თავისი ქვეყნის დემოკრატიული ადგილის ქმედითი დაცვა სასტიკი რეპრესიებისა და ავტოკრატიული კონტროლის პირობებში. როგორც მაკკეინის ინსტიტუტის 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატს, მას შეუძლია გააგრძელოს ძალისხმევა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“, - განაცხადა ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა.
სტიპენდია ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის, 1973-1977 წლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის სახელს ატარებს. იგი 2015 წელს დაწესდა და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ლიდერების სტრატეგიული უნარების განვითარებაზე. სხვადასხვა დროს კისინჯერის სტიპენდიატები იყვნენ:
- კონო ტარო - იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის, თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
- ჯულია ბიშოპი - ავსტრალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ჯორჯ ოსბორნი - დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი;
მაკკეინის ისტიტუტი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას მტკიცედ იცავდა საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციისკენ და მხარს უჭერდა დემოკრატიულ რეფორმებს, ვეტო დაადო „უცხოური აგენტების კანონს“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის მაგალითის მიხედვით შეიმუშავა და გამოდიოდა პარტიის ავტოკრატიული შემობრუნების წინააღმდეგ.
ამასთან, ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილმა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა „ქართული ოცნების“ მხრიდან ფართოდ გავრცელებული დაშინებისა და მანიპულაციის გამო და მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე თქვეს უარი, ხოლო მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე „ქართული ოცნების“ განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, ის საპროტესტო მოძრაობას შეუერთდა.
„14 დეკემბერს პარლამენტმა, რომლის შეკრება უკანონო იყო არჩევნების გაყალბების გახმაურებული შემთხვევების და პრეზიდენტის მხარდაჭერის არ არსებობის გამო, მონაწილეობა მიიღო ახალი პრეზიდენტის, ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაში. მან თანამდებობა 29 დეკემბერს დაიკავა. დემოკრატიის აქტივისტებმა ეს პროცესი უკანონოდ გამოაცხადეს და პროტესტი განაგრძეს. ზურაბიშვილმა უარი თქვა გადადგომაზე და მის ქვეყანაში ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება გამოაცხადა.
მაკკეინისა და კისინჯერის მსგავსად, ის განასახიერებს მტკიცე სახელმწიფოებრიობას და თავისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. სენატორი მაკკეინი სოლიდარობას უცხადებდა ქართველებს 2008 წელს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრინციპული, სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ბრძოლის ველზე მსოფლიოში“, - აღნიშნავს მაკკეინის ინსტიტუტი.
საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება „ღია მხილებაა“, რომ ის „უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში“.
