ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, 50 მლნ ლარი გამოიყოფა. მინისტრმა ამის შესახებ 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როცა 2022 წლის ბიუჯეტზე საუბრობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„თბილისში იწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა მოხდება. სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50 მლნ ლარი;
სპორტის ხელშეწყობის და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43 მლნ ლარი; ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130 მლნ ლარი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 160 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი, ასევე, მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჯამში, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოვყოფთ თითქმის, 6 მლრდ ლარს, რაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
9 მილიონი აშშ დოლარი ღირს MH-65 Dolphin, რომელიც ფრანგული წარმოების Eurocopter AS365 Dauphin-ის ამერიკული ვერსიაა. 2014 წლიდან მას კომპანია Airbus Helicopters აწარმოებს. MH-65 არის ორძრავიანი ვერტმფრენი, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ 1980-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს, სამედიცინო ევაკუაციისთვის ყველაზე მძიმე კლიმატურ პირობებში, მაღალ სიმაღლეზე ან ცხელ ამინდში. მისი უნიკალური მახასიათებელია ფრენის მართვის კომპიუტერიზებული სისტემა, რაც უზრუნველყოფს ფრენის ავტომატურ კონტროლს. პილოტის მითითებით, სისტემა ვერტმფრენს ობიექტამდე 15 მეტრის სიმაღლეზე უსაფრთხოდ გააჩერებს, რაც მნიშვნელოვანია სიბნელეში ან ცუდ ამინდში მუშაობის დროს, ხოლო ავტომატური ძიების სქემები პილოტს და მეორე პილოტს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ ობიექტის დანახვასა და ძებნაზე. ვერტმფრენის სიგრძე 13.53 მეტრია, სიმაღლე 4.8 მეტრი, ფიუზელაჟის დიამეტრი 2.38 მეტრი.
29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს კუდის ხრახნი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.
საქართველოს არცერთი სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფფრენებს იყენებენ არამხოლოდ მესაზღვრეების გადასაყვანად მაღალმთიან ადგილებში, არამედ საგანგებო სიტუაციების დროს - სამაშველო ოპერაციებისთვის და ტყის ხანძრების ჩასაქრობად.