სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია უქმდება

„ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე თვის შემდეგ, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაც კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა და დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე.

„ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს „შესაწირი პაიკის“ როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი.

„არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ბრძანება 2007 წლის 10 მაისს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მუშაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც განაგრძო. მისი მოვალეობებია დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, სპეციალური ქართულ და ოსურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; ოსურ ენაზე ნორმატიული აქტების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის თარგმნის, გამოცემისა და გავრცელების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ოსურენოვანი საინფორმაციო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა.

2022 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას თამაზ ბესტაევი ხელმძღვანელობს, მანამდე, 16 წლის განმავლობაში, ამ პოსტს დიმიტრი სანაკოევი იკავებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.