არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა საბანკო ანგარიშები დღეს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღა, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 3 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 4 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
„ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს.
უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.
ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.
ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 27 აგვისტოს, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში, პროკურატურა მათ საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.
პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები.
