საფარი: მოხალისეობრივად გავაგრძელებთ ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების დახმარებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ქალების და ბავშვების დახმარებას მოხალისეობრივად გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე „საფარის“ და კიდევ 6 სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ 24 წელის განმავლობაში, რაც „საფარი“ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს, ათასობით ქალს და ბავშვს დაეხმარნენ „ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში“.

„ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად“, - აცხადებს ორგანზიაცია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, „საფარის“ შეფასებით, „კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას“.

„დღეს საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც იცავს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც იცავს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

ვაცხადებთ, რომ „საფარი“ განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.

მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ. რადგან „საფარი“ არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 27 აგვისტოს, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში, პროკურატურა მათ საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.

პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.