საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სპეციალურმა კომისიამ აღიარა მიტროპოლიტის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
როგორც საპატრიარქო განმარტავს, 2026 წლის 23 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისთვის დიპლომის ასლი გაეცათ.
ამის შემდეგ, სასულიერო აკადემიამ საპატრიარქოს არქივში მასალების მოძიება დაიწყო. „მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე. კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
4 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) თქვა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტ იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან „გაურკვეველ ვითარებაში“ დაიკარგა და დიდი ალბათობით, ის მოპარულია.
„ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) კათოლიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატია. წმინდა სინოდის მიერ გამორჩეულ სამ კანდიდატს შორის მან 7 მღვდელმთავრის მხარდაჭერა მიიღო (მოსაყდრე შიო მუჯირთან და მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან ერთად).
სინოდის წევრთა უმრავლესობამ საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო, კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქობის კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება. სწორედ ამ ფაქტმა გახადა აქტუალური მიტროპოლიტ იობის დიპლომის საკითხიც - მისი დაკარგვა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა იობის კანდიდატურის ჩამოცილებას იმავე მიზეზით, რის გამოც პროცესს მიტროპოლიტი ისაია გამოეთიშა.
