„რა დევს სასწორზე საქართველოსთვის?“ – საქართველოში საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ამ კითხვას სვამენ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ოთხ წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში. ოლივიე კურტო, პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი დეზინფორმაციას უწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურყევად იდგნენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ. [...] ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას გავუწიოთ კონკრეტული და გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საფრანგეთი, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები აღნიშნავენ, რომ გაზრდიან ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა და დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას. განცხადების თანახმად, ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი.
მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.
ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით.
საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ.
რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს - ენერგეტიკულ მდგრადობას“, - აცხადებენ ელჩები და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ საქართველოსთან „ამ კრიტიკულ საკითხებზე“.
დიპლომატები თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის მძიმე ფასს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან.
„უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.
