პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პატიმრობიდან გათავისუფლდა და სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება. მას აკრძალული აქვს საფრანგეთის დატოვება და იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ თანამდებობის პირთან კომუნიკაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საჩივრით უკვე მიმართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო სარკოზის უდანაშაულოდ მიიჩნევს. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, ასეთ ვითარებაში პატიმრობა მხოლოდ სასამართლო პროცესში ჩარევის, მიმალვის ან ბრალდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებით შეიძლება გამართლდეს. პატიმრის გათავისუფლება პროკურატურამ მოითხოვა.
10 ნოემბერს გამართულ პროცესზე ნიკოლა სარკოზიმ კვლავ განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ვიცი, რომ ეს არ არის ჩემი საქმის არსებით განხილვა, მაგრამ არასდროს მომსვლია თავში გიჟური იდეა, კადაფისთვის ფული მეთხოვა და არასდროს ვაღიარებ ისეთ რამეს, რაც არ ჩამიდენია. მე ყოველთვის ვემორჩილებოდი სასამართლოს ყველა მოთხოვნას“, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.
მისი თქმით, არასდროს უფიქრია, რომ 70 წლის ასაკში მოუწევდა, საკუთარ თავზე გამოეცადა, რას ნიშნავს ციხეში ჯდომა.
„ეს რთულია, ძალიან რთულია. ეს კვალს ტოვებს ყველა პატიმარზე, რადგან სრულიად დამცანცველია“, - დასძინა მან. ნიკოლა სარკოზიმ მადლობა გადაუხადა ციხის თანამშრომლებს და პირობა დადო, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
„მე ფრანგი ვარ და ჩემი ოჯახი საფრანგეთშია. ყველა ჩემს ვალდებულებას შევასრულებ. მინდა მადლობა გადავუხადო ციხის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული ჰუმანურობა გამოიჩინეს და ეს კოშმარი ასატანი გახადეს“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სარკოზიმ ციხე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი საათში დატოვა. მას მეუღლემ, კარლა ბრუნიმ მიაკითხა. ცოლ-ქმარი, პოლიციის ავტოკოლონის თანხლებით, პარიზის მე-16 ოლქში მდებარე სახლში დაბრუნდა.
2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობაში, რაც დაკავშირებული იყო ლიბიის ყოფილ დიქტატორ მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს მიღებასთან 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
სარკოზიმ 5-წლიანი სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს, პარიზის სანტეს ციხეში დაიწყო. იგი 9 კვ.მ. სამარტოო საკანში იყო მოთავსებული და დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილი პრეზიდენტი კვირაში სამჯერ ვიზიტების უფლებით სარგებლობდა და შეეძლო მობილური ტელეფონით სამართალდამცავი ორგანოების მიერ დამტკიცებულ ნომრებზე დარეკვა.
ნიკოლა სარკოზის განაჩენის სააპელაციო განხილვა, სავარაუდოდ, 2026 წლის მარტში დაიწყება.
