სარეკლამო შეტყობინებების წინასწარი თანხმობის გარეშე გაგზავნა აიკრძალება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2024 წლის 1-ელი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. შესაბამისი ცვლილებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები იქნება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, მიცემული თანხმობის გამოთხოვაც შეეძლება. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება პირის მონაცემთა დამუშავება შეწყვიტოს.

კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით კიდევ 7 სიახლეს ითვალისწინებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა:

  1. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, ესენია:

  • საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა)
  • სადაზღვევო ორგანიზაცია
  • კომერციული ბანკი
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • საკრედიტო ბიურო
  • ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
  • ავიაკომპანია
  • აეროპორტი
  • სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს

ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. პერსონალურ მონაცეთმა ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მომსახურების ხელშეკრულება.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან.

  1. განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიომონიტორინგის) წესი და პირობები

აუდიომონიტორინგი დასაშვები იქნება:

  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
  • საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით;
  • დისტანციური კომუნიკაციისას;
  • პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია;
  • კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი ამის შესახებ.

 ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეო მონიტორინგი)

ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელებისათვის მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული ხდება წერილობით განსაზღვროს ვიდეო თვალთვალის მიზანი და მოცულობა, ვიდეო თვალთვალის ხანგრძლივობა და ჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის, მათი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიზიკური პირი ვიდეო მონიტორინგს ახორციელებს საცხოვრებელ შენობაში);

სამუშაო ადგილის მიხედვით ყველა დასაქმებული პირი დამატებით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეო თვალთვალის განხორციელების მიზნების შესახებ;

მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია ვიდეო თვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, თვალსაჩინოდ განთავსებულ გამაფრთხილებელი ნიშანზე დაწეროს მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები

არასრულწლოვანი პირის მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია თუ მან მიაღწია 16 წლის ასაკს, ხოლო 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის - მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე;

არასრულწლოვანი პირის მონაცემთა დამუშავებისას სავალდებულოა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. არასრულწლოვნის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება

ნებისმიერი ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვალდებულია აღრიცხოს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ყველა ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

მონაცემთა დამუშავების (პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, მონაცემთა გამჟღავნება და აშ) არსებულ საფუძვლებს ემატება:

როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების (ან სხვა გარიგების) დასადებად ან ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებების შესასრულებლად;

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის;

როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში და აშ) დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

  1. იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება

მონაცემთა სუბიექტს (იმ პირს ვისი მონაცემებიც მუშავდება) უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები უკანონოდ მუშავდება, არამედ მაშინაც:

  • თუ მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
  • მონაცემთა სუბიექტი გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს.

მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს უფლება ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს მოთხოვოს მის მონაცემებთან დამაკავშირებელი ყველა ინტერნეტ ბმულის წაშლა.

ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.