თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული სამი აქტივისტის - ისაკო დევიძის, ირაკლი ანდღულაძის და დავით წოწორიას პროცესი გაიმართა. მოსამართლეებმა სამივე მათგანი სამართალდამრღვევად ცნო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
მოსამართლეების, კობა ჩაგუნავას და ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით დავით წოწორიას და ისკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატების თქმით, მოსამართლეები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩვენებებს დაეყრდნენ.
„ორი მოწმე პოლიციელი, რომელიც პროცესზე გამოცხადდა, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა. მაშინ, როდესაც მოსამართლე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას აპირებს, ვფიქრობ, მტკიცებულებები მაღალი სტანდარტით უნდა იქნეს შეფასებული, თითქმის სისხლის სამართალს უნდა გაუტოლდეს. ასეთ ბუნდოვან პასუხებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, უსამართლობის შეგრძნებას მიჩენს. მრცხვენია, რომ სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდონით იღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
მესამე დაკავებულის, ირაკლი ანდღულაძის საქმეზე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა იმსჯელა და მას 2700-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
„მოსამართლეებმა, ცაგარეიშვილმა და ჩაგუნავამ არ მოგვცეს საშუალება, საქმის მასალებს გავცნობოდით, მტკიცებულებები მოგვეპოვებინა, ჩვენი დაცვის სტრატეგია წარგვემართა ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდით. მათ პროცესების გარკვეული ვადით გადადებაზე უარი თქვეს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნიღბიანი მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე. არანაირი ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდეგენილი“, - აღნიშნა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.
19 ნოემბერს, გამთენიისას აქციის დარბევის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, რომელთაგან სამი იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულთა ნაწილმა, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა საბა სხვიტარიძემ და მანუჩარ ჩაჩანიძემ, დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათი გაატარეს. მათი სასამართლო პროცესები ჯერ ჩანიშნული არ არის.
დაკავებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
