სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გააგრძელა. 42 დღის განმავლობაში შიმშილობით დაუძლურებული ჟურნალისტი პროცესს ეტლში მჯდომი ესწრებოდა. ადვოკატები პატიმრობიდან სადიგოვის გათავისუფლებას 10 ათასლარიანი გირაოს ან ქართველი ჟურნალისტების თავდებობის სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ჟურნალისტისთის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას იმით ასაბუთებდა, რომ სადიგოვს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, ის საქართველოში ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მიმართული აქვს საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას. ამასთან ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა, რომ აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე „აბსურდული და დაუსაბუთებელია“.

„მას ედავებიან კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის მერის მოადგილის მიმართ გამოძალვას. საქმის მასალების მიხედვით, აფგან სადიგოვი მას აშანტაჟებდა ვიდეოთი, სადაც ჩანს, როგორ ჭრიდა მერის მოადგილე რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ტორტს და „ქურდული სამყაროს“ პოპულარიზაციას ეწევა. ეს ვიდეო დღესაც იძებნება, YouTube-ზე 2023 წლის 31 ივლისს არის ატვირთული, აფგან სადიგოვს კი ედავებიან, რომ მერს 2023 წლის აგვისტოში აშანტაჟებდა, რაც არალოგიკურია - ვიდეო თუ გასაჯაროებული იყო, შეუძლებელია მისით დაშანტაჟება. მეორე მხრივ, საერთოდ გაურკვეველია, რა საფუძვლით აშანტაჟებდა, რა მასალა ჰქონდა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია“, - უთხრა ქეთი ჩუთლაშვილმა „საქართველოს ამბებს“.

ადვოკატის თქმით, ჩდება ვარაუდი, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნა ემსახურება არა სისხლის სამართლის აღსრულების მიზანს, არამედ აფგან სადიგოვის დასჯა სურთ.

„აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღიძრა, 24 ივლისს კი საქართველოს პროკურატურამ ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო. 18 ივლისს, როცა აფგანი საქართველოს ტოვებდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადმოცემული საქართველოსთვის დოკუმენტი, რომ მის მიმართ საქმე იყო აღძრული. მიუხედავად ამისა, ის არ გაუშვეს თბილისის აეროპორტიდან და უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც წასვლა შეეძლო, იყო აზერბაიჯანი.

ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანი იყო დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა მის გასათავისუფლებლად“, - ამბობს ადვოკატი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სენვიჩ სადიგოვა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მეუღლეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დაკვეთით სჯის.

„თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო. ეს რა სასამართლოა? არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს, მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ. ის უდანაშაულოა მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან. ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის. 3 თვეა უკვე ვიბრძვით. აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა. რა უნდა ვქნა?!“, - განაცხადა სევინჩ სადიგოვამ.

სასამართლო პროცესზე ქართველმა ჟურნალისტებმა - გელა მთივლიშვილმა, მარიამ ნიკურაძემ და ნინო კახიშვილმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ, აფგან სადიგოვს თავდებში დადგომოდნენ. ისინი პასუხისმგებლობას იღებდნენ, რომ სადიგოვი ქვეყანას არ დატოვებდა.

აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოში მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად გასული წლის დეკემბრიდან იმყოფება, თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.