სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყდა. სარჩელით მოთხოვნილი იყო კობახიძის მიერ 2025 წლის 10 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს, აჭარის ტელევიზიის ეთერში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების, როგორც ცილისწამების, უარყოფა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირწმუნებოდა, თითქოს, მზია ამაღლობელმა „უცხო ძალებისგან“ მიიღო ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის „დაკვეთა“  და „ძალოვანი სტრუქტურების დაკნინებას“ ისახავდა მიზნად. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით აკობაძემ განმარტა, რომ „პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება“.

„მოსამართლემ თქვა, რომ განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, არის გაკეთებული პოლიტიკური დებატის ფარგლებში გავრცელებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება, მას დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ასეთი მიდგომა ასეთი სარჩელის მიმართ არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის. სასამართლომ ფაქტობრივად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“, – მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

სხდომაზე არც ირაკლი კობახიძე გამოცხადდა და არც მისი წარმომადგენელი.

დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 10 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღუძრეს. „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის, ნანა ჯოხაძისა და მარინა სირაძის შემადგენლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.