თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მეორე სარჩელის განხილვაზეც უარი თქვა და საქმისწარმოება შეწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
სხდომას მოპასუხე მხარე არ ესწრებოდა – მათ არც შესაგებელი წარუდგენიათ. ამაღლობელის ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ მოსამართლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა მოსამართლე კაჟაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებდა, რაც გადაწყვეტდა, უნდა გადასულიყო თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.
მოსამართლემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელი დავობდა, რომ კობახიძემ მის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა და მათ უარყოფას ითხოვდა. საუბარია 2025 წელს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, სამთავრობო ტელეკომპანიების – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერებში გაჟღერებულ განცხადებებზე.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში თქვა: „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“.
30 იანვარს, კობახიძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“.
16 აპრილს, კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
„საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას რომ არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, რაც არ უნდა მორალურად მიუღებელი და პროვოკაციული ყოფილიყო, არ მივანიჭებდი ისეთ მნიშვნელობას, რომ ეს დავა სასამართლომდე მომეტანა. დიდი იმედი მაქვს, სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს არ იყო შეფასებითი განცხადებები, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეს მიზანმიმართულია თუ დაუდევრობა“, – განაცხადა დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა.
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის განცხადებები „პოლიტიკური დებატის“ ნაწილად მიიჩნია. სინამდვილეში, კობახიძეს ეს განცხადებები უშუალოდ დებატების პროცესში არ გაუკეთებია.
„სასამართლომ პოლიტიკური დებატები და საზოგადოებრივი ინტერესი ერთმანეთში არ უნდა აურიოს. ირაკლი კობახიძის კომენტარების მიზანი იყო ნეგატიური განწყობის შექმნა მზია ამაღლობელის მიმართ, მისი პიროვნების დაკნინება და სასამართლოზე ბოროტი ზემოქმედება“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
ეს მზია ამაღლობელის მეორე სარჩელი იყო ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. პირველი საქმე 2025 წლის 24 ნოემბერს, მოსამართლე დავით აკობაძის გადაწყვეტილებით შეწყდა. იმ შემთხვევაში ამაღლობელი იმ განცხადებების უარყოფას მოითხოვდა, რომლებშიც კობახიძე ამტკიცებდა, რომ მან ირაკლი დგებუაძეს სილა „უცხო ძალებისგან“ მიღებული დაკვეთით გააწნა, მიზანი კი პოლიციის იმიჯის შელახვა იყო. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი არც იმ სხდომას არ დაესწრო.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციის მაშინდელ უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის მუხლით წაუყენა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, სასამართლომ ბრალი შედარებით მსუბუქი მუხლით გადააკვალიფიცირა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე ევროპარლამენტარები და დიპლომატები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევენ. მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი საჩივარია გაგზავნილი.
