„საქართველოს ამბებმა“ ნავთობკომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჩიხლაძის პრეცედენტული გადაწყვეტილებით, კომპანიას მომხმარებლისთვის უკანონოდ მითვისებული 2274 ლიტრი საწვავის დაბრუნება და გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დაავალა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და სააღსრულებო ბიუროს ჩარევით, „ლუკოილმა“ დღეს აღასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ლუკოილ-ჯორჯიამ“ სულ მცირე რამდენიმე ასეულ მომხმარებელს კუთვნილ საწვავზე წვდომა 2021 წელს შეუწყვიტა. ამ მომხმარებლებს საწვავი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი შუამავალი კომპანია „უნიგრუპისგან“, რომელიც „ლუკოილ-ჯორჯიას“ ცენტრალურ ოფისში იყო განთავსებული. შეძენილი საწვავის აღრიცხვაც „ლუკოილ-ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული კაბინეტებით ხდებოდა. საწვავის მიწოდებაზე უარის თქმით შემდეგ, „ლუკოილ ჯორჯიამ“ თავისი ვებგვერდიდან მომხმარებელთა კაბინეტები და მონაცემები მთლიანად წაშალა. ნავთობკომპანიის განმარტებით, „უნიგრუპთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს მრავალმილიონიანი დავალიანების გამო.
„ლუკოილ-ჯორჯია“ კატეგორიულად უარყოფდა პასუხისმგებლობას და მომხმარებლებს ფაქტობრივად გაკოტრებულ კომპანიასთან - „უნიგრუპთან“ ამისამართებდა.
„საქართველოს ამბებმა“ სასამართლოს არა „უნიგრუპის“, არამედ „ლუკოილ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მიმართა.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და გადაწყვეტილება რამდენიმე ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპს დააფუძნა:
საკუთრების უფლების ტრანსფორმაცია: სასამართლოს განმარტებით, საწვავის მომხმარებლის პირად ელექტრონულ კაბინეტში ასახვა სამართლებრივად მის დაუფლებასა და საკუთრების უფლების წარმოშობას ნიშნავს. ამ მომენტიდან ნავთობკომპანია აღარ იყო პროდუქტის მფლობელი, არამედ მხოლოდ მისი შემნახველი პირი, რომელსაც მესაკუთრისთვის ქონების გადაცემაზე უარის თქმის ან მისი საკუთარი ინტერესებისთვის დაკავების უფლება არ გააჩნდა.
კეთილსინდისიერი შემძენის დაცვა: სასამართლოს განმარტებით, მომხმარებლები არიან კეთილსინდისიერი შემძენები. მათ არ ევალებოდათ და ვერც ეცოდინებოდათ, რა შიდა ფინანსური დავა ჰქონდათ „ლუკოილსა“ და „უნიგრუპს“. მომხმარებლის ინტერესი, რომელიც ბაზარზე შედარებით სუსტი მხარეა, დაცული უნდა იყოს.
გონივრული მოლოდინი: ვინაიდან საწვავის აღრიცხვა „ლუკოილის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ხდებოდა, კომპანიამ თავად შექმნა ისეთი პირობები, რომ მომხმარებელს ჰქონოდა საფუძვლიანი მოლოდინი – ვალდებულების შემსრულებელი სწორედ ნავთობკომპანია იყო.
„ლუკოილ-ჯორჯიამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომპანიის საჩივარი განუხილველად დატოვა. ამ გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა და ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
„ეს გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ პრეცედენტს. ის ადასტურებს, რომ მსხვილი კომპანიები ვერ გამოიყენებენ შიდა ბიზნეს-დავებს მომხმარებლებისთვის უკვე მიყიდული პროდუქტის მითვისების საბაბად“, - ამბობს „საქართველოს ამბების“ ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ დავაში სახელშეკრულებო 3-წლიანი ვადა დაცული იყო, თეორიულად, დაზარალებულებს ბრძოლის გაგრძელება უფრო ხანგრძლივ პერიოდშიც შეუძლიათ.
„რადგან „ლუკოილ-ჯორჯია“ ისე დაეპატრონა სხვის კუთვნილ საწვავს, რომ მომხმარებლებთან პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია, აღნიშნული ქმედება კლასიკურ უსაფუძვლო გამდიდრებას წარმოადგენს.
საქართველოს კანონმდებლობითა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით,
მსგავს დავებზე სპეციალური ვადა არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ მათზე ვრცელდება ზოგადი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ეს სამართლებრივი ნიუანსი დამატებით იმედს აძლევს ყველა იმ დაზარალებულს, რომელმაც 2021 წლიდან დღემდე სასამართლოსთვის მიმართვა ვერ მოახერხა“, - აღნიშნავს ადვოკატი.
სააღსრულებო ბიუროს ჩარევით, „ლუკოილ ჯორჯიამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დღეს აღასრულა.
