თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა. „ქართული ოცნების“ პარლამენტში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
დღევანდელ სასამართლო სხდომას ნიკა გვარამია არ დაესწრო. განჩინების გამოცხადების შემდეგ ის რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მისაღებთან თავად მივიდა, 112-ზე დარეკა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.
„მზად ვარ ერთწლიანი სასჯელისთვის. მეოთხედ შევდივარ ციხეში და მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ, რომ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში ორ წელიწადში ერთხელ.
ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიის სხდომაზე არ მივედი, იმიტომ რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ და არა ბიძინა ივანიშვილის ახირებების.
ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ - რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ. ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენი თაობების“, - განაცხადა გვარამიამ.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ედება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში არინ მიცემული სხვა პოლიტიკოსებიც.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია დააპატიმრეს გირაოს გადაუხდელობის გამო.
გირაო გადაიხადეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძე (50 000 - 50 000 ლარი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ (10 000 ლარი); „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ (50 000 ლარი).
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
