საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და წევრები ითხოვენ, პროკურატურამ გამოიძიოს „პირველი არხის“ თანამშრომლების მიერ არხის პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. 21 მარტის სხდომაზე ითქვა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მიზანი კი მაუწყებლის დისკრედიტაცია და „ხელში ჩაგდებაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
საქმე ეხება „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, პირდაპირი ეთერის რეჟისორის, კახა მელიქიძის და მაუწყებლის შესყიდვების სამსახურის თანამშრომლის, გია იმნაიშვილის განცხადებებს, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და სამოქალაქო პოზიციის გამო დისკრიმინაციას ეხებოდა. როგორც იურიდიული სამსახურის მთავარმა იურისტმა, ელენე მიხაილოვამ თქვა, მოკვლევამ ბრალდებები არ დაადასტურა. მისივე თქმით, აღნიშნული თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოებაა დაწყებული მათ მიერ შრომის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
გია მურღულია: „გარკვეული მიზანია, პირამიდაა მარტივი, იცით? - ჯერ ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ტელევიზიას წყალი შევუყენოთ, მისი დისკრედიატაცია მოვახდინოთ, მოვითხოვოთ გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომა, დავეუფლოთ ამ ტელევიზიას, მაგრამ საბოლოო მიზანი ტელევიზიის დაუფლება არ არის. საბოლოო მიზანი არის საზოგადოებაზე ზეგავლენის ისეთ დონემდე მიღწევა, როდესაც შენი გამარჯვება გარდაუვალი იქნება და საბოლოო ანგარიშით, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. მე ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი ფრაგმენტი და ეს ფრაგმენტი მე პირადად მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე - ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენს კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა, რა მეთოდებით მოქმედებდა და საბოლოოდ, ამას რა სახელი უნდა დაერქვას?“.
ვასილ მაღლაფერიძე: „ამის ასე დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება. [...] მე, მაგალითად, ძალიან მიზანშეწონილი მგონია - ეს საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად ეს ამბავი, რატომ არის ეს ამბები გადაბმული ერთმანეთზე? იმიტომ, რომ ეს თუ ესე არ გავაკეთეთ, განუწყვეტლივ იქნება პროვოკაციები“.
გიორგი კოხრეიძე: „ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი. უნდა გაარკვიონ შესაბამისმა ორგანოებმა. ეს არ არის უბრალო ჩარევა ტელევიზიის საქმიანობაში. პირდაპირ ვამბობ, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა გამოცხადებული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
გია იაკობაშვილი: „ეს თემა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ნამდვილად. ითქვა სიტყვა „პროკურატურა“? დიახ, აქ საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს“.
თამილა დოლიძე: „ვერ მივაგენით ადამიანს, ვინც მათ აძლევს დავალებას [...] შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული, დედას გეფიცებით. [...] რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ამ დაბალი IQ-ს მატარებელ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ თავს ლაფს გვასხამენ... უნდა დაიწყოს საქმის წარმოება“.
იზაბელა ოსიპოვა: „იმ აზრში მივყვები ჩემს კოლეგებს, რომ ამ საქმეს სჭირდება უფრო კომპეტენტური გამოძიება“.
სოსო სტურუა: „აქამდე ყოველთვის ვგრძნობდით ამას და გვეგონა, მაგრამ დღეს ფაქტებით დადასტურდა, რომ ეს მართლაც არის კოორდინირებული. [...] მაუწყებლის იურიდიულ სამსახურს 100%-ით ამოწურული აქვს თავისი შესაძლებლობები, რისთვისაც უდიდესი მადლობა და ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ უფრო სხვა, კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოს საქმეა უკევ ეს“.
ბონდო მძინარიშვილი: „მე ახლა ვხედავ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგიერთი თანამშრომელი მართალი არ არის კი არა, ცილისმწამებელი მატყუარაა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას ეწევა. ამიტომ, ეს არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. კიბატონო, რაზეც პასუხს ვერ გვცემენ, პასუხი გასცენ საგამოძებო ორგანოებს. რაზეც პასუხს გვცემენ, იმაზე შიდა ადმინისტრაციული წარმოებით უნდა მივიდეს ეს საქმე ბოლომდე. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. დამერწმუნეთ, ეს ისეთ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს რამდენიმე თვეში, რომ შიდა სხეული დაიწყებს ძალიან მძიმე... არ მინდა ახლა ის ცუდი სიტყვა ვახსენო, რა პროცესებიც ამას შეიძლება მოჰყვეს, თუკი ჩვენ კონკრეტულ ადამიანებს პასუხს არ მოვთხოვთ იმ ცილისწამებასა და დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურ ჩართულობაზე, რამაც საზოგადოებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობა შეიძლება კატასტროფულად შეარყიოს“.
სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები - ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე სხდომაში არ მონაწილეობდნენ.
„ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტიკის დღეს შევხდით ისე, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც არანაირი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ადამიანი საპყრობილეში იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა ჩემი მოქმედება შეაფასონ ისე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეაფასეს - რომ ეს არის წინასწარი განზრახვით ტელევიზიის ხელში ჩაგდების ჯგუფური მცდელობა, ჯერ ტელევიზია ჩაგვეგდო ხელში და შემდეგ ეს პროცესები მიგვემართა სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით. ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეთი კუდი რომ მოაბან ჩვენს განზრახვას, წარგვემართა საქმიანი პროცესი და სიმართლე გვეთქვა“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამეურვეო საბჭოს წევრთა მოთხოვნის საპასუხოდ.
„რეალური სივრცის“ წამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმა „სამარცხვინო“ უწოდა სამეურვეო საბჭოს სხდომას. მისი თქმით, ახლა ჯერი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილზეა, შეასრულებს თუ არა ვასილ მაღლაფერიძის დავალებას და მიმართავს თუ არა პროკურატურას.
„მე მთელი გულით ველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თინათინ ბერძენიშვილი. ახლა მას აქვს ისტორიული შანსი. როგორ გამოიყენებს მას, ეს არის მის გამბედაობასა და პროფესიონალიზმზე. რაც შეეხება ამ სამარცხვინო ბორდის საქციელს, მე არ ვიცი, ისინი მოესწრებიან თუ არა სასამართლო სკამზე ჩემს ნახვას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მოვესწრები, პირიქით, სასამართლო სკამზე მათ ჯდომას. უსათუოდ მოვესწრები“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.
