სენატორი სანდერსი: ამერიკის ისტორიაში ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის კონგრესის დამოუკიდებელი წევრი, ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი აკრიტიკებს უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გავლენიანი სენატორის შეფასებით, ტრამპი და მისი ამერიკელი ოლიგარქები ახლა ღიად უერთდებიან პუტინსა და რუს ოლიგარქებს, რაც ნიშნავს აშშ-ის მოკავშირეებზე უარის თქმას, ავტორიტარიზმის მხარდაჭერასა და დემოკრატიული ტრადიციებისთვის ძირის გამოთხრას.

„გუშინ ჩვენ ამერიკის ისტორიის უკიდურესად სამწუხარო მომენტის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის დიქტატორს, ვლადიმერ პუტინს უერთდება, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. მოდით, ნათლად ვთქვათ,

ტრამპი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორს თავის მეგობრად ხედავს და ჩვენს მრავალწლიან დემოკრატიულ მოკავშირეებს ევროპაში თავის მტრებად. მას სურს სამყარო, რომელიც უსაფრთხოა ავტორიტარებისა და ოლიგარქებისთვის, მაგრამ უკიდურესად საშიში დემოკრატიებისთვის“, - განაცხადა სანდერსმა.

სენატორის თქმით, ტრამპი ხშირად იტყუება და იცრუა გუშინაც, როდესაც თქვა, რომ ომი უკრაინამ დაიწყო.

„ეს სიმართლე არ არის. რუსეთი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა. პირველად 2014 წელს და განმეორებით 2022 წელს. ამჟამად რუსეთს უკრაინის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. პუტინის საშინელი შეჭრის შემდეგ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. რუსეთი ყოველდღე აგრძელებს ასობით რაკეტის და უპილოტო თვითმფრინავის წვიმას უკრაინის ქალაქებზე. პუტინის ძალებმა დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა და გაიტაცეს ათასობით უკრაინელი ბავშვი.

ამ სისასტიკემ განაპირობა ის, რომ 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა პუტინის, როგორც ომის დამნაშავის, დაპატიმრების ორდერი.

ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენკის დიქტატორი უწოდა. არც ეს არის სიმართლე. ზელენსკიმ თავისუფალ არჩევნებში ხმების 75%-ით გაიმარჯვა. სინამდვილეში, მისი მხარდაჭერის რაიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ტრამპის.

სასტიკი ომის დროს უკრაინის პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და იმართება თავისუფალი და შეუზღუდავი პოლიტიკური დებატები“, - აღნიშნა ბერნი სანდერსმა.

სენატორის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი ტყუილია, თითქოს, აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებზე სამჯერ მეტი წვლილი შეიტანა უკრაინის მხარდაჭერაში.

„სინამდვილეში, ევროპამ უკრაინას უფრო მეტი დახმარება გაუწია, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ტრამპი ისევ იტყუება, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ საითკენ სურს მას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს წაყვანა. ტრამპი ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

მაშ, ვინ არის პუტინი? და როგორი სამყაროს აშენება სურს მას? პუტინი არის დიქტატორი, რომელმაც ჩაახშო რუსეთის მოძრაობა დემოკრატიისკენ ცივი ომის დასრულების შემდეგ.

რუსეთში ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ იმართება ყალბი არჩევნები, სადაც პუტინი ხმების 90%-ით იგებს და ხელისუფლება არც კი ცდილობს ბიულეტენების ჩაყრის დამალვას.

პუტინის რუსეთში არ არის სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი მედია, საპროტესტო აქციებს ძალადობრივად ახშობენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაპროტესტების გამო ათობით ათასი ადამიანი ციხეშია. პოლიტიკურ დისიდენტებს ავიწროებენ ან ციხეში ყრიან. ყველაზე მამაც, ალექსეი ნავალნის მსგავს ხალხს პირდაპირ ხოცავენ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინის სასტიკ რეჟიმს ასობით ათასი რუსი გაექცა.

მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა კონტროლი თავის ქვეყანაში, ოლიგარქებისთვის მარტივი გარიგების შეთავაზებით: თუ აბსოლუტურ ძალაუფლებას მომცემთ, ნებას დაგრთავთ რუს ხალხს რამდენიც გინდათ, იმდენი მოპაროთ. და სწორედ ამიტომ ქვეყანაში, სადაც ბევრს ეკონომიკურად უჭირს, რუსმა ოლიგარქებმა ტრილიონობით დოლარი გადამალეს ოფშორულ ანგარიშებზე.

ეს არის რუსეთის ლიდერი, რომლითაც ტრამპი აღფრთოვანებულია. ეს არის რუსული ოლიგარქია, რომელსაც ის მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ არის ამერიკელი ხალხის მომავალი.

ჩვენ ვიცით და ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე დიდი ხნის დემოკრატია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ათასი მამაცი ამერიკელი წლების განმავლობაში იბრძოდა და იღუპებოდა დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი მოკავშირეები მსოფლიოში არიან ის ქვეყნები, რომლებსაც სჯერათ დემოკრატიის და არა ავტორიტარიზმის.

ჩვენი ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში იმედი მაქვს, რომ ყველა ამერიკელი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, წამოდგება და იტყვის დიახ დემოკრატიას, არა ოლიგარქიას და არა ავტორიტარიზმს“, - განაცხადა სანდერსმა.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ჯერ მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდეა შემცირებული და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა, ხოლო მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი“ უწოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.