„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ანტიდასავლური განცხადებით კიდევ ერთხელ ესხმის თავს საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის - აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ ის, რომ საფრანგეთის საელჩო რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ - ეჭვი მაქვს, ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან საქართველოში საფრანგეთის ელჩი გაუმჭვირვალობაში დაადანაშაულა.
„თუ დასამალი არაფერია, რატომ მალავს მაშინ და რატომ არის წინააღმდეგობა?! განცხადება იყო, რომ კონკურსი იყოო, ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად.
...ასე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მერე პასუხისმგებლობას არ გრძნობდე ამ ფულით რა ხდება. ასეთი გამოცდილება სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს, როდესაც წლების შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ექსტრემისტები, პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, რომ ამ მხრივ იყოს გამჭვირვალე. თუმცა როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ელჩს არ სურს გამჭვირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განცხადება, რომ ეს იყო კონკურსი, პასუხი არ არის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება.
ის სუბიექტები, ვისაც საფრანგეთის საელჩომ ფული მისცა, პოლიტიკოსები არიან. ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში შედიოდა. გიორგი კანდელაკი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია. საფრანგეთის ელჩმა სწორედ მას დაუნიშნა ხელფასი. მოტივაცია, რომ ეს ტურისტული მარშრუტების დასადგენად არის, ასეთი განცხადებები ცოტა შეურაცხმყოფელია“, - თქვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის საელჩომ სოციალურ ქსელში 15 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული 2025 წლის კონკურსში გაიმარჯვა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“. ორგანიზაცია შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს, წარმოაჩენს რა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმისადმი წინააღმდეგობასთან და ოკუპაციამდე არსებულ დემოკრატიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ ძირითად სამახსოვრო ადგილებს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ავითარებს მეხსიერების პოლიტიკას საქართველოში და ებრძვის რუსული დეზინფორმაციის მიერ მეხსიერების იარაღად გამოყენებას.

საფრანგეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე კონკურსის გამარჯვებულები არიან საქართველოს პენცენტრი და წოვათის თემის საინფორმაციო-კულტურული ცენტრი.
პენცენტრის პროექტი საერთო ინტერესის მქონე კულტურულ და საზოგადოებრივ საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმას შექმნის. სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისთვის ხმის მიცემით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგს, დებატებსა და კრიტიკულ აზროვნებას ყოველკვირეული პოდკასტის საშუალებით.
წოვათის თუშების პროექტის მიზანი კი, წოვათუშური კულტურისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, რომელიც დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდზე პაპუაშვილის ანტიდასავლური და დეზინფორმაციული განცხადება ისე გავრცელდა, რომ არ ერთვის საფრანგეთის საელჩოს მიერ, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით მანამდე გამოქვეყნებული ინფორმაცია.
16 აპრილს, ივანიშვილის პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რითაც მთავრობის ნებართვის გარეშე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა აკრძალა. ცვლილებების პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სესიაზე სამი მოსმენით ორ დღეში, 15-16 აპრილს, მიიღო. ეს მეოთხე საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ შეიმუშავა.
