ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის პროცესის დასაწყებად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
განკარგულებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გადის ორგანიზაციიდან იმის გამო, რომ ჯანმო-მ არასწორად მართა ჩინეთში წარმოშობილი COVID-19-ის პანდემია და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისები, ვერ ახერხებს გადაუდებელი რეფორმების მიღებას და არ აქვს უნარი ჯანმო-ს „წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან“ დამოუკიდებლობა აჩვენოს.
გარდა ამისა, განკარგულებაში ნათქვამია, რომ ჯანმო აგრძელებს შეერთებული შტატებისგან უსამართლოდ მძიმე, სხვა ქვეყნებთან შედარებით არაპროპორციული გადასახადების მოთხოვნას. ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდია, ოთხჯერ მეტი ვიდრე აშშ-ის, თუმცა, განკარგულების მიხედვით, ჯანმო-ში თითქმის 90%-ით ნაკლები წვლილი შეაქვს, ვიდრე აშშ-ს.
ტრაპის განკარგულებით, შეერთებული შტატების მთავრობას ჯანმო-სთვის დაფინანსების და მხარდაჭერის შეჩერება დაევალა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაგვძარცვა, ყველა ძარცვავს შეერთებულ შტატებს. ეს ასე აღარ მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა განკარგულების ხელმოწერისას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტრამპის გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ის ძირს გამოუთხრის აშშ-ის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ლიდერის პოზიციას და გაართულებს მომდევნო პანდემიასთან ბრძოლას.
შეერთებული შტატების გასვლა ჯანმო-ს დაფინანსებას მკვეთრად შეამცირებს. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია და მისი მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18%-ს ფარავს. 2024-2025 წლებში ორგანიზაციის ბიუჯეტი 6.8 მილიარდი დოლარია.
დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვარს შეუდგა. თეთრ სახლში დაბრუნებულმა, პირველივე დღეს, მან ხელი მოაწერა ათობით აღმასრულებელ განკარგულებას. ერთ-ერთი მათგანი აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას ითვალისწინებს.
