შემოსავლების სამსახურმა გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც მედია ორგანიზაციაში აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, ხოლო რეალური მიზეზი – სურვილი, რომ საქმიანობა შეწყვიტონ. ამასთან, გადაწყვეტილებას აფასებენ ზეწოლად „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე, რომელიც მეშვიდე თვეა დაპატიმრებულია.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1-ელ ივლისს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დავალიანება 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ.

„ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს. 17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო“, - აცხადებენ მედია ორგანიზაციაში.

თუ „ბათუმელები“ თანხას ვერ გადაიხდის, მის ქონებას - რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისს - დააყადაღებენ, შემდეგ კი გაყიდიან.

„დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მრდია ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება. წესით მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე.

მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია“, - წერს გამოცემა.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.