„შინ ევროპისკენ“ კლიპის გამო „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიის დასჯას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დასაშვებად ცნო „ქართული ოცნების“ საჩივარი სამი კრიტიკული არხის -  „მთავარის“, „ფორმულას“ და TV პირველის წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ მაუწყებლების სანქცირებას ითხოვს, ეთერში მოძრაობა „სირცხვილიას“ კლიპის განთავსების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, 23 და 24 ივნისს გავრცელებული ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება პარტია „ქართული ოცნების“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს „ქართული ოცნების“ იდენტიფიცირებას კონკრეტულ პარტიის სახეებზე მითითებით. ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველის პარტიის ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას“, - საჩივარს ხელს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მინდობილი პირი, სერგი ჯორბენაძე აწერს.

საჩივრის მიხედვით, რადგან 2022 წლის 23 და 24 ივნისს წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, მაუწყებლებს უფლება არ ჰქონდათ ეთერში განეთავსებინათ რგოლი, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსს ატარებდა.

ოპოზიციური ტელეარხების იურისტებს მიაჩნიათ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი სოციალური რეკლამა იყო და მისი გაშვების უფლება ჰქონდათ. „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, კლიპის მიზანი იყო ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ 24 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით არის დაცული. მისივე თქმით, კლიპში გამოყენებული არ არის პარტია „ქართული ოცნების“ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ან ფერები.

კლიპში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან ახლო კავშირში მყოფი გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ანტიევროპული და ანტიუკრაინული განცხადებებია თავმოყრილი:

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „ამაზე ვსაუბრობდი მე 25 თებერვალს ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა“;
  • გიორგი გაჩეჩილაძე, „უცნობი“: „როგორ ხაფანგშიც შეათრიეს უკრაინა, ყველამ ერთად, ვისაც ეს უნდოდა ხომ, ისეთ ხაფანგში ჩვენ ვეღარ შეგვათრევენ“.
  • ირაკლი ღარიბაშვილი: „ვინაიდან უკრაინა არის ომში, სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივაციით აძლევენ მათ სტატუსს... თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური“.
  • კახა კალაძე, ქალაქ თბილისის მერი: „ის, ჩვენ რაც გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო“.
  • გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „მე ვიტყოდი, რომ თავად ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიკს ქმნიან“.
  • ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“.
  • გიორგი გაჩეჩილაძე, „უცნობი“: „რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება, გამაგებინეთ რა. საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს“.
  • ირაკლი ღარიბაშვილი: „ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, სასწაულია პირდაპირ... ყველაფერს ფარდას ავხდი... საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, სამარცხვინო მართლაც...“
  • გიორგი გაჩეჩილაძე, „უცნობი“: „თუ ბიძინას სანქცირებებზე გადის, ჩვენი ომში ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს“.

 

მედიის ადვოკატირების კოალიციას საგანგაშოდ მიაჩნია „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული არხები კლიპის გაშვების გამო დაასანქციროს.

„ქართული ოცნება“ საჩივარში თავადვე მიუთითებს, რომ დავის მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა. მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან“, - ამბობს ნათია კაპანაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი“ უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა. ეს გადაწყვეტილებები მედიის ადვოკატირების კოალიციამ ცენზურად შეაფასა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის არჩევის ხელშეწყობა.

კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ საჩივარს არსებითად 23 აგვისტოს, 15:00 საათზე განიხილავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).